ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აიკრძალება, 13-დან 15 წლამდე ბავშვების ანგარიშებს კი მშობლები გააკონტროლებენ

19:20, 17.09.2026

ევროკომისია 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ფართომასშტაბიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას ონლაინსივრცეში არსებული საფრთხეებისგან. გეგმა ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში 13 წლამდე ასაკის ბავშვების დაშვების აკრძალვას და ონლაინსერვისების ვალდებულებას, შექმნან ბავშვებისთვის უსაფრთხო ანგარიშები.

ეს ნაბიჯი მოჰყვა ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებულ მსგავს ინიციატივებს; აღნიშნული ზომები უკავშირდება შეშფოთებას იმ გავლენის გამო, რომელსაც ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ახდენს Meta-ს Facebook-ი და Instagram-ი, ასევე TikTok-ი, Google-ის YouTube-ი და ChatGPT.

წინადადების თანახმად, რომელიც კანონად ქცევამდე უახლოეს თვეებში ევროკავშირის ქვეყნებთან და ევროპარლამენტთან უნდა შეთანხმდეს, 13-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ანგარიშები მშობლების კონტროლქვეშ იქნება.

ონლაინპლატფორმებმა უნდა შეიმუშაონ ბავშვებისთვის უსაფრთხო ალგორითმები და უზრუნველყონ მშობლის კონტროლის მარტივად გამოსაყენებელი ფუნქციები, ასევე მომხმარებლების დაბლოკვისა ინსტრუმენტები. კომპანიებს, რომლებსაც ანგარიშის გახსნისას მომხმარებელთა ასაკის გადამოწმება შესაბამისი ინსტრუმენტების მეშვეობით ევალებათ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ემუქრებათ ჯარიმა, რომელიც შესაძლოა მათი გლობალური წლიური ბრუნვის 6 პროცენტს შეადგენდეს. მათ ასევე მოუწევთ ზედამხედველობის მოსაკრებლის გადახდა მარეგულირებელი ორგანოების ზედამხედველობითი საქმიანობის დასაფინანსებლად.

მსგავსი