ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში განაცხადეს.
„ევრონიუსის“ ცნობით, შეთანხმების მიზანი ევროკავშირის სამრეწველო ბაზისა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაერთიანებაა. ამასთან, შეთანხმება დრონების ერთობლივი წარმოების გაფართოებას ითვლისწინებს. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის სამრეწველო შესაძლებლობების გაერთიანებას უკრაინის გამოცდილებასთან, რომელიც ქვეყანამ რუსული ძალების წინააღმდეგ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს დააგროვა.
„ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ და ეს გახდება 20 მილიონი“, – განაცხადა ზელენსკიმ
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დრონების წარმოების შეთანხმების რეალიზაციისთვის დაფინანსება ევროკავშირის ორი წყაროდან გამოიყოფა: უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხიდან და დაახლოებით 10 მილიარდი ევროდან, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია SAFE-ის თავდაცვის პროგრამაში.
ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინასთან ინდივიდუალური შეთანხმებები გააფორმა. დღეს კიევში დამტკიცებული შეთანხმება კი ამ პარტნიორობას უფრო ფართო მასშტაბს აძლევს და მას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
„ევროპაში უკვე გვაქვს უზარმაზარი ტექნოლოგიური და სამრეწველო შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია. ასევე გვაქვს უსაფრთხო და დაცული საწარმოები, რომლებიც წარმოების გაფართოებაში დაგვეხმარება. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც უკრაინამ რეალურ ბრძოლაში შეიძინა. ამიტომ ჩვენი მიზანია ძალების გაერთიანება. ერთად შეგვიძლია, ვიმუშაოთ ერთობლივ წარმოებაზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ევრონიუსის“ ცნობით, ახალი შეთანხმება ქმნის შესაძლებლობას, რომ დრონების წარმოება და შენახვა ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხდეს. ეს რუსეთის დარტყმებისგან მათ დასაცავად კეთდება.
ამასთან, როგორც „ევრონიუსი“ წერს, მეორე ეტაპზე ევროკომისია გეგმავს უკრაინასთან შეთანხმების გაფართოებას ბალისტიკური და ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების წარმოების მიმართულებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.