ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ემანუელ მაკრონმა ევროპაში მეცნიერების მოსაზიდად 500 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა გამოაცხადეს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპაში მეცნიერების მოსაზიდად 500 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამა გამოაცხადეს.
ინიციატივა ევროკავშირის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების შეჩერების ფონზე წარადგინეს.
„ჩვენ მოვუწოდებთ მკვლევარებს მთელ მსოფლიოში, გაერთიანდით და შემოგვიერთდით. თუ გიყვართ თავისუფლება, მოდით და დაგვეხმარეთ, რომ დავრჩეთ თავისუფლები“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები, ასევე უნივერსიტეტებს დაეხმარებიან უცხოელი მეცნიერების მოზიდვის ხარჯების დაფარვაში.
ურუსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, 2030-წლისთვის მშპ-ის 3% დახარჯონ კვლევით და განვითარების პროგრამებზე.
„სამწუხაროდ, დღე ვხედავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში მეცნიერების როლს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ფუნდამენტურ, თავისუფალ და ღია კვლევებში ინვესტიციებს. ეს უდიდესი შეცდომაა. მჯერა, რომ მეცნიერებაში არის გასაღები აქ, ევროპაში ჩვენი მომავლისთვის. მის გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებით არსებულ გლობალურ გამოწვევებს. მეცნიერება არის ინვესტიცია და საჭიროა სტიმულების შეთავაზება. სწორედ ამიტომ, შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ წარვადგენთ 500 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტს 2025-2027 წლებისთვის, რათა ევროპა მკვლევრებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. ეს დაგვეხმარება, მხარი დავუჭიროთ საუკეთესო და ყველაზე ბრწყინვალე მკვლევარებსა და მეცნიერებს ევროპიდან და მსოფლიოს სხვა ადგილებიდან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, მაკრონმა საფრანგეთის მიერ 100 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, თუმცა ჯერ უცნობია, აღნიშნული თანხა ემატება ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გამოცხადებულ 500 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტს თუ შედის ამ პაკეტში. ამასთან, ემანუელ მაკრონმა შეცდომა უწოდა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას უნივერსიტეტების მიმართ.
„ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი დიდი დემოკრატია, რომლის ეკონომიკური მოდელი ეყრდნობა თავისუფალ მეცნიერებას, ინოვაციებს, მის უნარს ბოლო 30 წლის განმავლობაში, დანერგოს ინოვაციები ევროპელებზე მეტად, ასეთ შეცდომას დაუშვებდა“, – აღნიშნა მაკრონმა.