ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების მე-17 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული
ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების მე-17 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი შეათანხმეს.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ შეზღუდვები, მთლიანობაში, დაწესებული იქნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 340-ზე მეტი ხომალდის მიმართ. ეს ის ხომალდებია, რომლებიც რუსული ნავთობით  უკანონოდ ვაჭრობენ.

ამასთან, ახალ პაკეტში შევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების თავის არიდებაში მხილებული 30 კომპანია და 75 ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან.

ოფიციალურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირმა ასევე შექმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სანქციები დაუწესდეს პროპაგანდისტებს. როგორც ნავარაუდევია, ამ სიაში მოხვდება 20 პირი და ორგანიზაცია, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაუწესდებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზიციონერების, ალქსეი ნავალნისა და ვლადიმირ ყარა-მურზას საქმეებთან. ამ სიას 20 ადამიანი დაემატება.

ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, რომელთა გამოყენებაც რაკეტებში ხდება.