ურსულა ფონ დერ ლაიენი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ სლოვენიაში ჩავიდა და ქვეყანას ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა
ურსულა ფონ დერ ლაიენი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ სლოვენიაში ჩავიდა და ქვეყანას ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ სლოვენიაში ჩავიდა და ქვეყანას ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან სლოვენიისთვის 400 მილიონი ევრო გამოიყოფა, საიდანაც 100 მილიონს ქვეყანა მიმდინარე წელსვე მიიღებს, დანარჩენ 300 მილიონს კი – მომავალ წელს. გარდა ამისა, სლოვენია შეძლებს ევროკავშირის ფონდებიდან თანხების გადამისამართებას თავისი მყისიერი და გრძელვადიანი საჭიროებების დასაფარად.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია გამოიჩენს მაქსიმალურ მოქნილობას და ჩამოაყალიბებს სპეციალურ მიზნობრივ ჯგუფს, რათა უზრუნველყოს, რომ სლოვენიამ გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო თანხები მიიღოს. თანხის მისაღებად სლოვენიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის წინასწარი შეფასების წარდგენა სჭირდება. სლოვენიას ასევე შეუძლია, განაცხადი გააკეთოს 2,7 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელიც მას დარჩა „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ აღდგენისთვის ევროკავშირის მიერ შექმნილ ფონდში. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული თანხის მისაღებად განაცხადი უნდა გაკეთდეს აგვისტოს ბოლომდე.

„ევროპა თქვენ გვერდით დგას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონების მონახულების შემდეგ.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სლოვენიაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი უსახლკაროდ დარჩა. სლოვენიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი 6 აგვისტოს აამოქმედა და დახმარება მიიღო ევროკავშირის შვიდი წევრი ქვეყნისგან. საფრანგეთმა, გერმანიამ, ხორვატიამ, ავსტრიამ, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და იტალიამ დაზარალებულ ქვეყანას ტექნიკა, მობილური ხიდები, ვერტმფრენები, ასევე სპეციალური აღჭურვილობა და სამაშველო პერსონალი გაუგზავნეს.