ურსულა ფონ დერ ლაიენი – წლის ბოლომდე გვექნება ეტაპობრივი შეწყვეტა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვაზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ყოველი გადახდა პუტინის საომარ სკივრს ავსებს

00:58, 24.09.2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ სურს, ევროპამ რუსული ნავთობის შესყიდვა წლის ბოლომდე შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შეძლებს ევროპა, სრულად შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მოითხოვა, ევროკომისიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ევროპა რუსული ნავთობის შესყიდვას წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტს.

„პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია. ჩვენ ამ გზაზე ვართ. ჩვენ უკვე მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთიდან გაზის შესყიდვა, მთლიანად ამოვიღეთ რუსული ქვანახშირი და, ასევე, მნიშვნელოვნად შევამცირეთ ნავთობის შესყიდვა. თუმცა ევროპის კონტინენტზე ჯერ კიდევ შემოდის გარკვეული რაოდენობა. ჩვენ გვინდა ტარიფების დაწესება ნავთობის მარაგებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შემოდის ევროკავშირში. გვსურს, რომ ეს შევწყვიტოთ. წლის ბოლომდე გვექნება ეტაპობრივი შეწყვეტა. ახლა მაგიდაზე სანქციები გვაქვს. წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ყოველი გადახდა პუტინის საომარ სკივრს ავსებს. ეს, არ შეიძლება, დავუშვათ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შესანიშნავი დისკუსია ჰქონდა.

მსგავსი