ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება

უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენს“ განუცხადა.

„ჩვენ გავაანალიზეთ პუტინის განკარგულება და სამართლებრივი საკითხი ძალიან ნათელია. ის, რასაც პუტინი გვთავაზობს – ევროების რუბლებში გადაყვანას და შემდგომ გაზის გადასახადის გადახდას, იქნება სანქციების დარღვევა. თუ ამას გააკეთებთ, გადაიხდით რუბლებში, თქვენ დაარღვევთ სანქციებს, გვერდს უვლით სანქციებს, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ რუსეთს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი უნგრეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ამ დროისთვის უნგრეთი იცავს სანქციებს, ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვერ ვხედავთ საწინააღმდეგოს, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს ევროკავშირი ასეთი ერთიანი, მტკიცე და სწრაფი. ვფიქრობ, თითოეული ჩვენი წევრი ქვეყნისთვის დგას კითხვა – მინდა კი, რომ ვიყო პირველი, ვინც ამ ერთიანობას დაარღვევს? ვფიქრობ, არა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა „სიენენთან“ საუბარში.

ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, გადაიხადოს რუსული გაზის საფასური რუბლებში. „რუსები გაზის საფასურის რუბლებში გადახდას თუ ითხოვენ, ჩვენ გადავიხდით რუბლებში“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.