ურსულა ფონ დერ ლაიენი - თურქეთსა და ევროკავშირს შორის დისტანცია იზრდება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - თურქეთსა და ევროკავშირს შორის დისტანცია იზრდება

თურქეთსა და ევროკავშირს შორის დისტანცია იზრდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულ ურთიერთობებს შეეხო და აღნიშნა, რომ საბერძნეთსა და კვიპროსს შეუძლიათ, ყოველთვის ჰქონდეთ ევროპის სოლიდარობის იმედი მათი ლეგიტიმური სუვერენიტეტის დაცვაში.

„თურქეთი არის და ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი მეზობელი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე ჩვენ ახლოს ვართ, ჩვენს შორის დისტანცია, როგორც ჩანს, იზრდება. დიახ, ის პრობლემურ რეგიონში მდებარეობს და დიახ, მან შეიფარა მილიონობით ლტოლვილი, რისთვისაც ჩვენ მათ მნიშვნელოვანი დაფინანსებით ვუჭერთ მხარს. თუმცა, ზემოთჩამოთვლილი მეზობლების დაშინების მცდელობის გამართლება არ არის. ჩვენს წევრებს, კვიპროსსა და საბერძნეთს შეუძლიათ, ყოველთვის ჰქონდეთ ევროპის სრული სოლიდარობის იმედი მათი ლეგიტიმური სუვერენიტეტის დაცვაში. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების დეესკალაცია ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე პოზიტიური ნაბიჯი უწოდა თურქეთის კვლევითი გემების პორტში დაბრუნებას.

„ეს არის აუცილებელი, რომ შეიქმნას ძალიან საჭირო სივრცე დიალოგისთვის. ცალმხრივი ნაბიჯებისგან თავის შეკავება და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ერთადერთი გზაა სტაბილუობისა და გრძელვადიანი გადაწყვეტილებისთვის“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ხმელთაშუა ზღვის სადავო რეგიონში თურქეთის კვლევით ოპერაციის შედეგად ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია.

დატოვე კომენტარი