ურსულა ფონ დერ ლაიენი - თავისუფლებისთვის ბრძოლა ეხება არა მხოლოდ 27 წევრ ქვეყანას, ევროპის ოცნება ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე და კიდევ იქით
თავისუფლებისთვის ბრძოლა ეხება არამხოლოდ ჩვენს 27 წევრ ქვეყანას. ევროპის ოცნება ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე და კიდევ იქით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ევროკომისიის ახალი შემადგენლობის წარდგენის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ უკრაინელების სიმამაცე ევროპული მოგზაურობის გზაზე, ჩვენ ვნახეთ მოლდოველი ხალხის მედეგობა, მიჰყვნენ ევროპულ მომავალს. ჩვენ ვნახეთ დასავლეთბალკანელების ერთგულება რეფორმების, ზრდის და მზადყოფნის კუთხით, რომ მოემზადონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ რუსეთი არაფერზე შეჩერდება, რათა აღკვეთოს მათი ევროპული მომავალი. მაგრამ ევროპის ერთგულება ამ ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება. არ უნდა არსებობდეს ეჭვი, რომ ჩვენ გვსურს უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად. უკრაინის გვერდით ვიქნებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს გზის ყოველ ნაბიჯზე, დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესში, ვიდრე ისინი მზად იქნებიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ახალი ევროკომისია ევროკავშირის პირველ სამხედრო სტრატეგიას მუშაობის პირველი 100 დღის განმავლობაში მიიღებს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებს ნატო-სთან.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთი თავდაცვის სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის ცხრა პროცენტს ხარჯავს, ევროპა კი, საშუალოდ, 1.9 პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ანდრიუს კუბილიუსი იქნება პირველი ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში.
„ჩვენ გვჭირდება საერთო ბაზარი თავდაცვისთვის, გვჭირდება თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, გვჭირდება სამხედრო მობილობის გაუმჯობესება და გვჭირდება საერთო ევროპული მიდგომა თავდაცვის საკითხებზე. არ გვაქვს დასაკარგი დრო. უნდა ვიყოთ იმდენად ამბიციურები, რამდენადაც საფრთხეები არის სერიოზული. ასე რომ, ჩვენ დავამტკიცებთ „თეთრ წიგნს“ ევროპის სამომავლო თავდაცვის საკითხზე მანდატის პირველ 100 დღეში. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ევროპის უსაფრთხოება ყოველთვის იქნება ამ კომისიის პრიორიტეტი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.