ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და გააუმჯობესებს​ შიდა ენერგობაზარსაც​, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტით უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა შეძლო, შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება და, მისივე თქმით, ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით.

„ძალიან მახარებს, რომ რუმინეთში ვიმყოფები ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დააახლოებს ჩვენს პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დაგვეხმარება ჩვენს რეგიონებებში, მოხდეს უფრო სუფთა ენერგიისა და ენერგომატარებლების მიწოდება. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა. ევროკავშირმა შეძლო, შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამოშვებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთოხოებას, დამოუკიდებლობას. ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დააკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ციფრული კომუნიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით. ეს ინიციატივა ჩვენ მიწოდების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება, რა თქმა უნდა, უკრაინას, დაეხმარება ქვეყანას წარმოებასა და ქვეყნის რეკონსტრუქციაში.

პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა დამოკიდებული მისი შესრულება. ჩვენ ვაპირებთ, შევასრულოთ ეს მიზნები – ენერგომიწოდება, ეკონომიკების ჰარმონიზაცია და სწორედ ამიტომ, მოუთმენლად ველოდები ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ფინანსურად მხარი დავუჭიროთ იმ პროექტებს, რომლებიც საერთო ინტერესებს ემსახურება და ეს საერთო ინტერესები ძალიან თვალსაჩინოა ამ პროექტში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით უზრუნველყოფილია შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.