ურსულა ფონ დერ ლაიენი – სეუტაში არალეგალურად შესული მიგრანტებიდან არცერთს არ მიუღწევია ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის დანარჩენ ტერიტორიამდე
არცერთ ადამიანს არ მიუღწევია ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის დანარჩენ ტერიტორიამდე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესულ მიგრანტებთან დაკავშირებით განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსახილველად ვიდეოკონფერენცია გამართა ევროკომისარ მაგნუს ბრუნერთან, რომელიც შიდა საქმეთა და მიგრაციის საკითხებს კურირებს და დუბრავკა შუიცასთან, რომელიც ხმელთაშუა ზღვისა და დემოგრაფიის საკითხებზეა პასუხისმგებელი.
„სასიხარულო ამბავი ის არის, რომ უკანონოდ ჩასულთა აბსოლუტური უმრავლესობა ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობის შედეგად მაროკოში დაბრუნდა. არცერთ ადამიანს არ მიუღწევია ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის დანარჩენ ტერიტორიამდე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული საზღვრების კონტროლი. ჩვენ ძლიერი სისტემა გვაქვს, თუმცა მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო“, – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს არცერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან შესასვლელ პუნქტზე და ყველა შესაბამის უწყებას შორის მჭიდრო კოორდინაცია უნდა შენარჩუნდეს.
„ამასთან, საჭიროა მომხდარიდან მიღებული გამოცდილების გაანალიზება, რათა ევროპის მდგრადობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კომისიამ ესპანეთს მხარდაჭერა პირველივე წუთებიდან შესთავაზა“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.
მისივე თქმით, რამდენიმე ევროპელი ლიდერისგან წერილი მიიღო და მიესალმება ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეოკონფერენციის გამართვის მოწოდებას.
„არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა სოლიდარობასა და ევროპის ერთიან პასუხს მოითხოვს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ესპანეთის ანკლავში ბოლო დღეებში ათიათასობით არალეგალი მიგრანტი შევიდა. მიგრანტებმა სასაზღვრო ბარიერების გარღვევა შეძლეს, რამაც კრიზისი გამოიწვია. სეუტის ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის დასახმარებლად მობილიზებული იყო არმიაც. ესპანეთის მთავრობამ მაროკოს უსაფრთხოების ძალები უმოქმედობაში დაადანაშაულა, მოგვიანებით კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად შესული დაახლოებით 48,3 ათასი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს.
I held a conference call with Commissioners @magnusbrunner and @dubravkasuica for an update on the situation in Ceuta.
The good news is that the vast majority of those who arrived illegally have returned to Morocco, due to the effective work of Spanish and Moroccan law…
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 1, 2026