ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების ახალი პაკეტით შეიზღუდება „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის აღდგენის შესაძლებლობა 
ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების ახალი პაკეტით შეიზღუდება „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის აღდგენის შესაძლებლობა 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შინაარსი გაამხილა.

მისი თქმით, პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ; ასევე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების შავ სიაში ახალი ხომალდების შეყვანას; ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწევას; ასევე დამატებით სანქციებს რუსეთის ფედერაციის ფინანსური სექტორის მიმართ.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე, ვიდრე ის არ იქნება მზად მშვიდობისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

ცნობისთვის, ევროკავშირმა უკვე მოამზადა სანქციების მე-17 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე 20 მაისს უნდა დამტკიცდეს.