ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო - ჩეჩნეთი, საქართველო, ყირიმი და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში
პუტინი მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში მან ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე მყოფი პოლონეთისთვის სოლიდარობის გამოსახატად, ბელარუსთან საერთო საზღვარსაც ეწვია.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის 2028-2034 წლებისთვის გაწერილ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამმაგი ოდენობის ხარჯები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზღვრის დაცვისთვის.
მისი განმარტებით, პოლონეთი, როგორც საზღვრისპირა ქვეყანა, გამიზნული და ცინიკური ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეა.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილის განცდა, რადგან ვიცით, რომ პუტინი არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში მან ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთი, საქართველო, ყირიმი და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი შეჩერება მხოლოდ ძლიერი შეკავების საშუალებით შეიძლება და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები, ზუსტი და სწრაფი ევროკავშირში და კონკრეტულად ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოებში ჩვენი თავდაცვის პოზიციის ძიებაში. სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირების განმავლობაში ჩვენ მოვამზადებთ გზამკვლევს, როგორ განვახორციელოთ ინვესტირება ევროკავშირში, ჩვენს თავდაცვის პოზიციაში, დამატებითი თანხები თავდაცვისთვის. ჩვენ გავაანალიზებთ ევროკავშირში არსებულ ხარვეზებს და როგორ აღმოვფხვრათ ისინი 2030 წლისთვის მიზნებით, ეტაპებით, რადგან მხოლოდ იმის მიღწევა შეიძლება, რაც იზომება. ამას განვიხილავთ ევროკავშირის საბჭოში ოქტომბრის დასაწყისში, დანიის პრეზიდენტობის დროს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.