ურსულა ფონ დერ ლაიენი – ორი თვეა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შედის, დახმარებამ დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს მოსახლეობამდე და ბლოკადა მოიხსნას

17:47, 19.05.2025

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია.

„ორი თვეა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შედის. დახმარებამ დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს მოსახლეობამდე და ბლოკადა მოიხსნას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების შემდეგ.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება არასდროს უნდა გახდეს პოლიტიკური იარაღი.

ღაზაში არსებული ვითარება უარყოფითად შეაფასა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად გეგმავს კონფლიქტის მოგვარებას.

ამასთან, ევროკავშირი 2025-2027 წლებში პალესტინისთვის 1.6 მილიარდი ევროს დახმარებას გამოყოფს.

ისრაელმა ღაზაზე ჰუმანიტარული ბლოკადა მარტში, ცეცხლის შეწყვეტიდან ორი თვის შემდეგ დააწესა.

 

მსგავსი