ურსულა ფონ დერ ლაიენი – მსოფლიო თვალს ადევნებს იმ ფასს, რასაც კლიმატისა და ენერგოუსაფრთხოების ძველი წესრიგის შენარჩუნებისთვის ვიხდით, გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით და ევროპა თავის როლს შეასრულებს
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მიმდინარე ზაფხული კლიმატური რეალობისთვის „ჭეშმარიტების ზაფხული“ იყო. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა COP31-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კლიმატის გლობალურ კრიზისზე, ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპის სამ მთავარ პრიორიტეტზე ისაუბრა.
„მსოფლიო თვალს ადევნებს იმ ფასს, რასაც კლიმატისა და ენერგოუსაფრთხოების ძველი წესრიგის შენარჩუნებისთვის ვიხდით. ჩვენ გლობალურ გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით, ამიტომ ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ და ევროპა ამაში თავის როლს შეასრულებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი გეგმავს 2030 წლისთვის ემისიების 50%-ზე მეტით შემცირებას, ხოლო 2040 წლისთვის მიზნად ისახავს მის 90%-ით შემცირებას, რაც 2050 წლისთვის პირველი კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტის სტატუსის მიღწევის მთავარი წინაპირობაა.
ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა გლობალურ ინიციატივას 35/35-ზე, რომელიც ენერგოუსაფრთხოებისა და მომხმარებელთათვის ხარჯების შემცირებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, ევროკავშირში ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი უკვე სუფთა წყაროებიდან მიიღება, სამომავლო გეგმა კი ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა რჩება კლიმატის დაფინანსების უმსხვილეს დონორად.
„გასულ წელს კავშირმა განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად 32 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, ხოლო ინიციატივა Global Gateway-ის ფარგლებში მდგრადი ინვესტიციების ოდენობამ 300 მილიარდ ევროს გადააჭარბა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სიტყვის დასასრულს ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ, მძიმე სამეცნიერო პროგნოზების მიუხედავად, კაცობირობის მომავალი საერთო ძალისხმევაზეა დამოკიდებული და ევროპა მზადაა, გლობალურ პარტნიორებთან ერთად იმოქმედოს.