ურსულა ფონ დერ ლაიენი მომავალ კვირას სომხეთში ჩავა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება
ევროკომისიის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება ევროკავშირსა და სომხეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ევროკომისიის ახალი განცხადების შემდეგ შედგება, რომლის თანახმადაც, ბრიუსელმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნის კერძო სექტორზე რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების ზემოქმედების შესამსუბუქებლად.
„სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სექტორებს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქტებს, ყვავილების წარმოებას და ექსპორტზე ორიენტირებულ სხვა ინდუსტრიებს, დამატებითი მხარდაჭერა გაეწევათ სავაჭრო ინიციატივების, ბიზნესშეთანხმებების ღონისძიებებისა და ბაზარზე წვდომის მიზნობრივი ინიციატივების მეშვეობით“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიის ცნობით, ეკონომიკური მდგრადობის საკითხებზე ევროკავშირ-სომხეთის სამუშაო ჯგუფი რეგულარულად აგრძელებს შეხვედრებს ამ ზომების განხორციელების ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის მიზნით.
სომხეთში ვიზიტს გეგმავს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსიც. კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს ეკონომიკური გამოწვევების მოგვარებას და ამავდროულად, სომხურ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან ვაჭრობისთვის.