ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ იერუსალიმიდან აღმოსავლეთით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობას
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმიდან აღმოსავლეთით ახალი დასახლებების მშენებლობას.
ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია, ეწინააღმდეგება დასახლებების გაფართოებას და აქამდეც არაერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება, როგორც პირადი, ისე საჯარო არხებით.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, E1-ის დასახლება საფრთხეს უქმნის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პერსპექტივას, რადგან სანაპირო ზოლს ორად ყოფს.
ამგვარად, ევროკომისიის პრეზიდენტი შეუერთდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, კანადის, ნორვეგიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, ბელგიის, ესპანეთის, ავსტრიისა და საბერძნეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებები უკანონოა. როგორც ლიდერებმა აღნიშნეს, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასავლეთ სანაპიროზე არსებული არასტაბილურობის პირობებში. განცხადებაში ლიდერები ისრაელის მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს გეგმები და შეწყვიტოს დასახლებების გაფართოება, რადგან ეს, მათი თქმით, აზიანებს თავად ისრაელის საერთაშორისო რეპუტაციასაც.
ცნობისთვის, ისრაელის პროექტ E1-ის ფართობი 12 კვადრატული კილომეტრია. ისრაელის ხელისუფლებამ იანვარში ტენდერი გამოაცხადა 3 400-მდე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
The Israeli Government’s decision to publish construction tenders for the E1 settlement project is unacceptable.
We have long opposed this step.
It undermines the two-state solution by dividing the West Bank and breaking the territorial continuity of the Palestinian… pic.twitter.com/oWUTRETYgz
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 21, 2026