ურსულა ფონ დერ ლაიენი - კრემლი ბრმად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამიზნეში ევროკავშირსაც კი იღებს, ეს არის მორიგი შეხსენება, თუ რა დევს სასწორზე
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აღშფოთებულია კიევზე თავდასხმით, რომლის დროსაც ევროკავშირის ოფისი დაზიანდა. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს თავდასხმა არის მორიგი შეხსენება იმისა, თუ რა დევს სასწორზე. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის ბრმად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამიზნეში ევროკავშირსაც კი იღებს.
„მე აღშფოთებული ვარ კიევზე თავდასხმით, რომლის შედეგადაც ასევე დაზიანდა ევროკავშირის ოფისი. ეს იყო ივლისის შემდეგ დედაქალაქზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა დრონებითა და რაკეტებით. ეს იყო თავდასხმა ჩვენს დელეგაციაზეც. ახლახან ვესაუბრე ჩვენი ელჩის მოადგილეს და შვებით შევიტყვე, რომ ჩვენი თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა. გუშინდელი დარტყმა დიპლომატიურ მისიასთან, ჩვენი კავშირის წარმომადგენლობასთან ახლოს განხორციელდა. ორი რაკეტა დელეგაციის შენობიდან 50 მეტრის დაშორებით 20 წამის ინტერვალით ჩამოვარდა. ეს არის მორიგი შეხსენება იმისა, თუ რა დევს სასწორზე. ეს აჩვენებს, რომ კრემლი არაფრის წინაშე არ გაჩერდება უკრაინის დასატერორებლად, ბრმად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას: კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, და სამიზნეში ევროკავშირსაც კი იღებს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში წარადგენენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს.
„მალე წარვადგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს. პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის თავდაცვასა და რეკონსტრუქციას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.