ურსულა ფონ დერ ლაიენი - ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართელოში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი. მთავარი გზავნილია, გამოიყენეთ შესაძლებლობა, რათა წინ წაწიოთ პროცესი, იყავით მკაფიო რეფორმების პროცესში და პოლიტიკაში, რომელზეც შეთანხმებულები ვართ. ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. გაფართოების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს იყო უზარმაზარი ბენეფიტის მომტანი ქვეყნებისთვის და საზოგადოებისთვის. არა მარტო სარგებელი მოჰქონდა გაწევრიანებას ახალი წევრებისთვის, სადაც ცხოვრების დონე ძალიან სწრაფად იზრდებოდა, არამედ უზარმაზარი სარგებელი მოჰქონდა მთლიანად ევროკავშირისთვის. ჩვენი უდიდესი სიძლიერე ერთიანი ბაზარია და ამ ბაზრის გაზრდა დამატებით ღირებულებას წარმოადგენს ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.