ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დისკუსიის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ძლიერი შეტყობინებაა პუტინისთვის, რომ არ შევეგუებით სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დისკუსიის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა, ძლიერი შეტყობინებაა პუტინისთვის, რომ არ შევეგუებით სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას

უკვე მესამედ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩვენი დისკუსიების მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა. ეს აჩვენებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრანადაში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი უნდა გაიმართოს.

„ძლიერი შეტყობინებაა პუტინისთვის დუბლინიდან კიშინეუმდე, რომ ჩვენ არ შევეგუებით სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი თემა იქნება ენერგეტიკა.

„ჩვენ გვქონდა ენერგოკრიზისი რუსეთის მხრიდან წიაღისეულზე შანტაჟის გამო. ჩვენ დავძლიეთ ეს კრიზისი, ფასები შემცირდა მკვეთრად, ჩვენი საცავები შევსებულია და შევქმენით ერთობლივი პლატფორმა, რომ შევისყიდოთ ბუნებრივი აირი ერთობლივად. ეს დიდი წარმატებაა, რადგან ამას შეუერთდა არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნებიც, როგორებიცაა ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა და სერბეთი. ჩვენ შევძელით, მოგვეშორებინა დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულზე, მასშტაბურ ინვესტიციას ვახორციელებთ განახლებად ენერგიებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს ევროკავშირმა განახლებადი ენერგიებიდან უფრო მეტი ელექტოენერგია აწარმოა, ვიდრე გაზიდან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამავდროულად, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, დღევანდელ დისკუსიებში თავის როლს ითამაშებს სომხეთი. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია სომხეთის დახმარება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთს და მის ჰუმანიტარულ საჭიროებებს. ჩვენ უკვე გამოვყავით 5.2 მილიონი ევროს დახმარება და გავაორმაგეთ ეს დახმარება. ასევე უზრუნველვყოფთ 15 მილიონს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის. ჩვენ სექტემბრის ბოლოს ძლიერად დავგმეთ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და მოვუწოდეთ დიალოგის აღდგენისკენ და პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სომხეთის დახმარება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.