ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს

20:59, 01.07.2026

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო ენერგეტიკული პარტნიორია.

„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ილჰამ ალიევის როლს გაუსვა ხაზი.

„თქვენ გამოიჩინეთ პირადი ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ქაღალდზე დაწერილი მშვიდობა რეალურ სამყაროში მშვიდობად ვაქციოთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად. ჩვენ გვსურს მშვიდობის ხელშეწყობა კოორდინაციის გზით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნათელი მომავლის სჯერა.

„მოდით, ერთად ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, ევროპასთან სამხრეთ კავკასიის, კასპიის რეგიონის და ცენტრალური აზიის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი