ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა
ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა ოჯახების მიმართ და მადლობა გადაუხადა მაშველებსა და პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობენ.
„ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთანაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებთან, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს ან ჯერ კიდევ ელოდებიან მათ შესახებ ინფორმაციას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ევროკავშირის თანამგზავრული სისტემა Copernicus-ი უკვე გააქტიურდა, რათა ნეპალში სტიქიით დაზარალებული ტერიტორიების ნახვა და ადგილზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოების მხარდაჭერა უზრუნველყოს.
„ჩვენ მზად ვართ, ევროპული დახმარება კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.