ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი კონფლიქტების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა გლობალური კრიზისების შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით 710 მილიონ ევროს დახმარებას გამოყოფს

15:06, 27.09.2026

ევროკავშირი კონფლიქტების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა გლობალური კრიზისების შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით 710 მილიონ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„კონფლიქტები, ექსტრემალური ამინდის პირობები და ცხოვრების ხარჯების ზრდა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. თუ ერთად ვიმუშავებთ, მსოფლიოს უკეთეს ადგილად ქცევა შეგვიძლია. დღევანდელი დახმარების პაკეტით ჩვენ მხარს დავუჭერთ აფრიკაში იძულებით გადაადგილებულ ადამიანებსა და მათ თემებს, ასევე იმ თემებს, რომლებიც მათ მასპინძლობენ. ჩვენ ასევე გავზრდით გადაუდებელ დახმარებას ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომებით დაზარალებული ადამიანებისთვის. ჩემი გზავნილი მარტივია: ევროპა თქვენ გვერდით დგას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მედიის ცნობით, დაახლოებით 380 მილიონი ევრო სუბსაჰარულ აფრიკაში მიგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მოხმარდება. მათ შორისაა ყველაზე მოწყვლადი მიგრანტების მხარდაჭერა, ასევე მათი სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა. 252 მილიონი ევრო აქტიური შეიარაღებული კონფლიქტების, იძულებითი გადაადგილების, ეპიდემიებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევას მოხმარდება. ამ თანხიდან 97 მილიონი ევრო სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებს გადაეცემათ, 103 მილიონი ევრო პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანს, ხოლო კიდევ 52 მილიონი ევრო უკრაინას, მათ შორის ზამთრისთვის მოსამზადებლად.

მსგავსი