ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს, ვულოცავ საქართველოს, გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება, თქვენ ევროპა ხართ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეუერთდეთ ევროკავშირს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს, ვულოცავ საქართველოს, გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება, თქვენ ევროპა ხართ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეუერთდეთ ევროკავშირს

ევროკავშირის პრეზიდენტობის ეს ვადა იწურება და გუშინდელი გადაწყვეტილებებით ახალი წელი იწყება შესანიშნავი ახალი ამბებით ევროკავშირისთვის, ჩვენი სამეზობლოსთვის და მეგობრებისთვის, გადაწყვეტილება შეეხება გაფართოების პროცესის გაგრძელებას, რომელიც იქნება ღირსშესანიშნავი მოვლენა ჩვენ საერთო ისტორიაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როდესაც გაწევრიანების კრიტერიუმთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული. ჩვენ ძლიერად დავადასტურეთ კოლექტიური ვალდებულება დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე პარტნიორთან დაკავშირებით კავშირის გარეთ. ვფიქრობ, გუშინდელი გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს. დღეს გაფართოების მიზეზები არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი მსოფლიოში, რომელსაც არყევს მრავალი კონფლიქტი. ეს არის ინვესტიცია ჩვენი კონტინენტის სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს არის დიდი ინვესტიცია დემოკრატიებში, რომელიც დგას მაღლა და ერთიანად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.

„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს. გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება. თქვენ ევროპა ხართ. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეუერთდეთ ევროკავშირს და მოდით, ერთად ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.