ურსულა ფონ დერ ლაიენი - დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სატარიფო გაურკვევლობის დადებითი გვერდითი ეფექტია, რომ მსოფლიოს სურს მეტი ვაჭრობა ევროპასთან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სატარიფო გაურკვევლობის დადებითი გვერდითი ეფექტია, რომ მსოფლიოს სურს მეტი ვაჭრობა ევროპასთან

დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სატარიფო გაურკვევლობის ფონზე მსოფლიოს სურს მეტი ვაჭრობა ევროპასთან, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილების „დადებითი გვერდითი ეფექტია“, რომ მსოფლიოს უფრო მეტ ლიდერს სურს ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებების დადება.

„ამჟამად უამრავ საუბარს ვმართავ სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან, რომელთაც ჩვენთან ერთად ახალი წესრიგის შექმნაზე მუშაობა სურთ. ყველა ითხოვს მეტ ვაჭრობას ევროპასთან, საქმე მხოლოდ ეკონომიკურ კავშირებს არ ეხება. ეს ასევე ეხება საერთო წესების დამკვიდრებას და პროგნოზირებადობას. ევროპას ამის უზრუნველყოფა შეუძლია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპას აქვს შესაძლებლობა, ითამაშოს ძლიერი როლი ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება.

„ჩვენ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი ჩვენი კომპანიებისთვის ახალი ბაზრების გასახსნელად და რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად ბევრ ქვეყანასთან, რომლებსაც ჩვენი მსგავსი ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.