ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას ეხმაურებიან
ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას ეხმაურებიან

ევროპელი ლიდერები „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას ეხმაურებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს, რომ მძევლების გათავისუფლებით ახლო აღმოსავლეთში ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ისტორიული შეთანხმების მიღწევაში.

„ისრაელელი მძევლების დაბრუნება მათი ოჯახებისთვის ნამდვილი სიხარულის მომენტია და მთელი მსოფლიოსთვის შვების მომენტი. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი გვერდის გადაშლა. შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას. დღეს შარმ ელ შეიხში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღება ისტორიული ეტაპი იქნება. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, კერძოდ, მმართველობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზის რეკონსტრუქციისთვის“,- წერს ფონ დერ ლაიენი.

ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც. მისი თქმით, მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატება და მშვიდობისკენ მიმავალი გადამწყვეტი ეტაპია.

„დღეს ახლო აღმოსავლეთში იმედის იშვიათი მომენტია. მძევლების გათავისუფლება დიპლომატიის დიდი წარმატება და მშვიდობისკენ მიმავალი გადამწყვეტი ეტაპია. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გარღვევა შესაძლებელი გახადა. ღაზაში მშვიდობის უზრუნველყოფა უაღრესად რთული იქნება. სამშვიდობო გეგმას წარმატების მისაღწევად ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ევროკავშირი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს. ოთხშაბათს ის განაახლებს სამოქალაქო მისიას ღაზასა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო გადასასვლელის მონიტორინგისთვის. ამ მისიას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერის საქმეში“, – წერს კალასი.