ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ირანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ – „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი“

16:22, 28.02.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანში განვითარებულ მოვლენებს ძალიან შემაშფოთებელს უწოდებენ.

საერთო განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

„ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვრჩებით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს ან გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმს ძირი გამოუთხაროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირმა ირანის მკვლელი რეჟიმისა და „რევოლუციური გვარდიის“ ქმედებების საპასუხოდ ფართომასშტაბიანი სანქციები მიიღო და მუდმივად უწყობს ხელს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი