ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა აცხადებენ, რომ მლადიჩის დაკრძალვაში სერბი მაღალჩინოსნების მონაწილეობა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

13:37, 08.09.2026

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ „ღრმა მწუხარება“ გამოთქვეს გენოციდისა და სამხედრო დანაშაულებისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვაში სერბი მაღალჩინოსნების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერეს.

ევროკავშირის ლიდერებმა ბელგრადში მლადიჩის დაკრძალვის ამსახველ კადრებს „შოკის მომგვრელი“ უწოდეს.

ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ გაიხსენეს, რომ მლადიჩი სამხედრო დანაშაულებისთვის იყო მსჯავრდებული და სრებრენიცაში გენოციდისა და სხვა დანაშაულებისთვის უვადო პატიმრობაში იმყოფებოდა. მათი განცხადებით, ამ კონტექსტში მლადიჩის დაკრძალვაში სერბი მაღალჩინოსნების მონაწილეობა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„სერბეთის ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ დაკრძალვისთვის ოფიციალური მხარდაჭერის გამოხატვა და მათი ცერემონიაზე დასწრება ღრმა მწუხარებას იწვევს. ეს ცხადყოფს, რომ ვერ ხდება ევროპის უახლესი ისტორიის ბნელი გვერდის მიღება და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაა დაფუძნებული. ჩვენი ფიქრები ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი დანაშაულების ყველა მსხვერპლთანაა“, – განაცხადეს ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს ბელგრადში გაიმართა ბოსნიელი სერბების ყოფილი სარდლის, რატკო მლადიჩის პანაშვიდი და დაკრძალვა. მლადიჩი ჰააგის ტრიბუნალმა სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო. ის 27 აგვისტოს ნიდერლანდებში, გაერო-ს ციხეში გარდაიცვალა. 2021 წლის ივლისში მას უვადო პატიმრობა მიესაჯა 1992–1995 წლებში ბოსნიის ომის დროს არაერთი სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, მათ შორის სარაევოს ალყისა და სრებრენიცაში გენოციდისთვის. თუმცა სერბი ნაციონალისტების ნაწილი მას გმირად მიიჩნევს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა მლადიჩის დაკრძალვის გამო სერბეთში ვიზიტი გააუქმა. მანამდე კოსმა მიანიშნა, რომ მლადიჩის დაკრძალვამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

მსგავსი