ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, სწორედ ამიტომ შევთავაზე უკრაინისთვის რეპარაციული სესხები გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, სწორედ ამიტომ შევთავაზე უკრაინისთვის რეპარაციული სესხები გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე

ყველა თუ ვთანხმდებით, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, მაშინ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, –  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, დღეს კოპენჰაგენის არაფორმალურ სამიტზე განიხილება ორი ძირითადი საკითხი – თავდაცვა და უკრაინა.

„ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდის ჩვენს სიმტკიცეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დრო, რომ გამოვავლინოთ სასწრაფე და ერთიანობა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სწორედ ამიტომ კოპენჰაგენში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა სწორ დროს იმართება. ჩვენ ვაპირებთ ორი საკითხის განხილვას – თავდაცვას და უკრაინას. თავდაცვასთან დაკავშირებით, ჩემმა კომისიამ მოამზადა დოკუმენტი მოქმედების მიმართულების, ასევე ფლაგმანური პროექტების განსახილველად, როგორიცაა დრონების კედელი. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ თუ ყველა ვთანხმდებით, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, მაშინ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ დღეს, უკრაინას ოთხ მილიარდს გამოვუყოფთ. აქედან ორი მილიარდი დრონებში ჩაიდება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე. სწორედ ამიტომ შევთავაზე უკრაინისთვის რეპარაციული სესხები გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე. ჩვენ არ ვახორციელებთ ამ აქტივების კონფისკაციას, მაგრამ ვიყენებთ ნაღდი ფულის ბალანსს უკრაინისთვის სესხების გასაცემად. უკრაინა ამ სესხს გადაიხდის, თუ რუსეთი რეპარაციებს გადაიხდის, რადგან დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირში მზარდი კონსენსუსია, რომ უკრაინის მხარდასაჭერად თანხა მხოლოდ ევროპელმა გადასახადების გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ, არამედ ჩადენილ დანაშაულებსა და მიყენებულ ზარალზე რუსეთმა უნდა აგოს პასუხი.

„ვფიქრობ, ვიპოვეთ გონივრული სამართლებრივი გზა ამის გასაკეთებლად რეპარაციების შესახებ ინიციატივის საშუალებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რუსული დრონებით ევროკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირბეულ ინციდენტებს, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ევროკავშირს გამოცდას უტარებს და ცდილობს, დათესოს განხეთქილება წევრებს შორის და საზოგადოებაში შიში გამოიწვიოს.

„ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის დაწყებამდე.