ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბოლო ხუთ წელიწადში ჩინეთიდან ევროკავშირში იმპორტი 45%-ით გაიზარდა, ჩინეთთან დიალოგის გაგრძელება ჩვენი საერთო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბოლო ხუთ წელიწადში ჩინეთიდან ევროკავშირში იმპორტი 45%-ით გაიზარდა, ჩინეთთან დიალოგის გაგრძელება ჩვენი საერთო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთიდან ევროკავშირში იმპორტი 45%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„გასულ წელს ევროკავშირმა ჩინეთთან ვაჭრობაში ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტი დააფიქსირა – 360 მილიარდი ევრო. ეს ნიშნავს დღეში მილიარდი ევროს დეფიციტს. ამასთან, პირველად მოხდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს ჩინეთთან ვაჭრობაში დეფიციტი ჰქონდა. საუბარი არ არის მხოლოდ იაფ იმპორტზე. ჩვენ ვხედავთ წარმოების ჭარბ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენს საკუთარ სამრეწველო ბაზას ასუსტებს და ეს უბრალოდ მდგრადი არ არის. ძალიან კარგად გვესმის, რომ, პირველ რიგში, საკუთარი საქმე უნდა გავაკეთოთ და ჩვენი კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ. ამავდროულად, გლობალურ დისბალანსებსაც უნდა მივხედოთ. ჩვენმა დისკუსიებმა მკაფიო მხარდაჭერა აჩვენა ურთიერთობების დივერსიფიკაციისა და რისკების შემცირების კურსის გაგრძელების მიმართ. ერთი მხრივ, უნდა ავიცილოთ ისეთი დამოკიდებულებები, რომლებიც შეიძლება, ჩვენ წინააღმდეგ იარაღად იქნეს გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩქარებთ რისკების შემცირების პროცესს – ვგულისხმობ, რისკების შემცირებას და არა კავშირების გაწყვეტას. მეორე მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ბაზრის დაცვას არაკეთილსინდისიერი პრაქტიკისგან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ დავინახეთ მკაფიო მხარდაჭერა ევროპული რეაგირების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანობასა და ჩინეთთან დიალოგზე, რაც კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. კომისია ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და ეს საკითხი ჩვენი საერთო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად დარჩება“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.