ურსულა ფონ დერ ლაიენი - ავღანეთში არსებული სიტუაცია ავღანელი ხალხისთვის ტრაგედიაა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დიდი უკუსვლა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ავღანეთში არსებული სიტუაცია ავღანელი ხალხისთვის ტრაგედიაა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დიდი უკუსვლა

ევროკომისიის პრეზიდენტი „დიდი შვიდეულის“ სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ავღანეთში არსებული სიტუაცია ავღანელი ხალხისთვის ტრაგედიაა, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დიდი უკუსვლა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება ავღანეთში გრძელდება და ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს უშუალოდ რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ქალებზე, გოგონებსა და ბავშვებზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ავღანეთისთვის დახმარების აღმოჩენა დამოკიდებული იქნება პირობების შესრულებაზე, რომელიც დაკავშირებულია ფუნდამენტური უფლებების, ადამიანის და ქალთა უფლებების დაცვასთან. მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება ჯერჯერობით შეჩერებულია, ვიდრე არ იქნება ევროკავშირის მიერ წამოყენებული პირობების შესრულების მყარი გარანტიები.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რისკის ქვეშ მყოფი ავღანელებისთვის თავშესაფრის მიცემის ძალისხმევაში ყველა იმ ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინც ნატო-ს მისიაში მონაწილეობდა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ იძულებით გადაადგილებულ ავღანელებს ჰქონდეთ მხარდაჭერა.