ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსეთის ნავთობკომპანიებისთვის დაწესებული სანქციები მკაფიო სიგნალია, რომ აგრესორზე კოლექტიური ზეწოლა გრძელდება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დადებითად შეაფასა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, დაუწესოს სანქციები რუსეთის მსხვილ ნავთობკომპანიებს.
მისი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი ატლანტიკის ორივე მხრიდან, რომ აგრესორზე კოლექტიური ზეწოლა გრძელდება.
„ვაფასებ სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, დაუწესოს სანქციები რუსეთის მთავარ ნავთობკომპანიებს რუსეთის მხრიდან სამშვიდობო პროცესისადმი ვალდებულების არარსებობის პირობებში. ევროკავშირის მე-19 პაკეტის მოახლოებულ მიღებასთან ერთად, ეს არის მკაფიო სიგნალი ატლანტიკის ორივე მხრიდან, რომ აგრესორზე კოლექტიურ ზეწოლას ვაგრძელებთ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას და კრემლის შესაძლებლობების შეზღუდვას, რომ ომის გასაგრძელებლად შემოსავალი მიიღოს.