ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის მოწოდებული, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდება.

„სანქციების მე-11 პაკეტში ჩვენ გვყავს 90-ზე მეტი კომპანია მთელი მსოფლიოდან, რომელთა დაკავშირებითაც გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ და ევროკავშირიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი ჩააქვთ მესამე ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ კომპანიებს შორის დაახლოებით რვა ჩინეთშია რეგისტრირებული.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა იყვნენ ჩინური კომპანიები. ეს არიან კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ქაღალდზე არსებობენ და ჰყავთ მფლობელები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან. თუმცა, ისინი რეგისტრირებული არიან ჩინეთში“, – განმარტა მან.