ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია თებერვალში გამოაქვეყნებს შიდა რეფორმების გეგმას, რომელმაც ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოამზადოს
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია თებერვალში გამოაქვეყნებს შიდა რეფორმების გეგმას, რომელმაც ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოამზადოს

ევროკომისია თებერვალში გამოაქვეყნებს შიდა რეფორმების გეგმას, რომელმაც ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად უნდა მოამზადოს. ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან ისაუბრა დეკემბერში საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ახლა უკრაინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების მოსამზადებლად ევროკავშირი იწყებს შემოწმების პროცესს და აყალიბებს მოლაპარაკებების ჩარჩოს.

„ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობს ჩვენს საკუთარ რეფორმებზე, რათა მოვამზადოთ კავშირი 30-ზე მეტი წევრი სახელმწიფოსთვის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე ჩვენ ასევე შევთანხმდით, დავიწყოთ მოლაპარაკებები მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როდესაც აუცილებელი კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იქნება. ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და დავადასტურეთ ჩვენი კოლექტიური ვალდებულება მომავლისადმი, რომელშიც დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე პარტნიორი ქვეყანა ჩვენი კავშირის ნაწილია.

პრაქტიკაში როგორ იმუშავებს 30-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კავშირი? მხოლოდ ჩვენ, ევროკავშირის შიგნით შეგვიძლია, ვუპასუხოთ ამ კითხვას. ევროპარლამენტმა უკვე წარადგინა ჩვენი ხელშეკრულებების რეფორმირების თამამი იდეები. მომავალ თვეში ევროკომისია წარადგენს ჩვენს იდეებს ლიდერების მოლაპარაკებების წინ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სამიტი პირველ თებერვალს იგეგმება.