ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი 300 მილიარდ ევროს გამოყოფს იმ გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც რუსულ საწვავზე უარის თქმას უკავშირდება
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი 300 მილიარდ ევროს გამოყოფს იმ გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც რუსულ საწვავზე უარის თქმას უკავშირდება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა დადეს პირობა, რომ უარს იტყვიან რუსულ საწვავზე და ამ დაპირების რეალიზაციისთვის ევროკომისიამ შეიმუშავა სპეციალური წინადადება, რომელიც 300 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმას მოიცავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს გეგმა სამ ძირითად ელემენტს აერთიანებს. პირველი არის დივერსიფიკაცია. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ბუნებრივ აირს. მისივე თქმით, ეს ელემენტი ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ერთობლივად შესყიდვას და ასევე ენერგიის ახალი მიმწოდებლების მოძიებას.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ვერსალის სამიტზე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დადეს პირობა, რომ უარს იტყვიან რუსულ საწვავზე და ეს მოხდება რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ დავიწყეთ ქვანახშირით და გუშინ შუაღამისას გადავწყვიტეთ, რომ აკრძალვა დავაწესოთ რუსული ნავთობის ევროკავშირში იმპორტის თითქმის 90%-ზე, რაც წლის ბოლოსთვის მოხდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროკავშირის სულ მცირე ხუთ ქვეყანაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის გეგმის კიდევ ერთი ელემენტი არის უკეთესი კავშირების შექმნა ევროკავშირის წევრების ენერგოსისტემებს შორის, რათა ბუნებრივი აირი სწრაფად მიაწოდონ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ასევე, ერთობლივი ამოცანაა გვქონდეს ბუნებრივი აირის უფრო დიდი მარაგი ევროპაში. ამ შემთხვევაში კარგი ამბავი გვაქვს, რადგან ჩვენი საცავები ახლა 41%-ითაა შევსებული, რაც 5%-ით მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. ჩვენი გეგმის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კი არის დიდი ინვესტიციები განახლებად ენერგიაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.