ურმას პაეტი - განსაკუთრებული ყურადღება კვლავ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიექცეს, მათ აჩვენეს ევროკავშირთან დაახლოების ინტერესი
ურმას პაეტი - განსაკუთრებული ყურადღება კვლავ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიექცეს, მათ აჩვენეს ევროკავშირთან დაახლოების ინტერესი

ევროკავშირისთვის სავალდებულოა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ევროკავშირის ინტერესებშია, ჰყავდეს უსაფრთხო და სტაბილური სამეზობლო. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ უნდა მოვუწოდოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საჭირო რეფორმებში წინსვლისკენ და დავეხმაროთ მათ ამ გზაზე. თუმცა ის, რაც აფერხებს ყველაზე მეტად პროგრესს ამ ქვეყნებში, არის რუსეთის სურვილი, შეინარჩუნოს ისინი თავისი ინტერესების სფეროში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი სახელმწიფოდან ხუთს აქვს ტერიტორიული კონფლიქტი. სწორედ ეს აფერხებს ამ ქვეყნების წინსვლას. ახლა ევროკომისიამ ერთ-ერთ თავის პრიორიტეტად უნდა დაისახოს ამ გაყინული, ან არც თუ ისე გაყინული კონფლიქტების დარეგულირების გზების ძიება. ასე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ საკუთარი ენერგიის მიმართვას საჭირო რეფორმებზე და განვითარებაზე. ევროკავშირისთვის სავალდებულოა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე უნდა უზრუნველვყოთ, მრავალწლიანი ფინანსაური მხარდაჭერის ფარგლებში ადეკვატური დაფინანსება. ეს დაეხმარება მათ რეფორმების გაგრძელებაში. ასევე აუცილებელია, მაღალი დონის დიალოგი და 2020 წლის შემდგომ უფრო მეტი კონკრეტული მიზნის დასახვა და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიექცეს, რადგან მათ აჩვენეს ევროკავშირთან დაახლოების ინტერესი“. – განაცხადა ურმას პაეტმა.