ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ია ბარამიძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ადვოკატ გიორგი სურმანიძის განცხადებით, სასამართლომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

„პროცესი ჩატარდა ტყუილად. ბრალდების მხარემ ვერაფერი წარმოადგინა. დაცვის მხარემ კი სრულად განმარტა, რის გამო არ უნდა მოხდეს ამ ახალგაზრდების პატიმრობაში დატოვება. თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინა ეს სასამართლომ. ცამეტივე მათგანი შესახლებულ იქნა საპატიმრო დაწესებულებაში. მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუფარდეს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კატეგორიულად მცდარი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას არამარტო ამ ახალგაზრდებზე, არამედ ამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მძიმე შედეგი ექნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატები სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ. დაკავებულთა ახლობლები კი ურეკში, საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.