ურანის თანამგზავრ არიელზე არსებული ღრმა უფსკრულები ზედაპირქვეშა ოკეანის არსებობაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

14:44, 11.02.2025

როგორც ჩანს, მზის სისტემაში უამრავი ოკეანე იმალება. იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს — ყველას ჰყავს თანამგზავრები (მთვარეები), რომლებზეც, მეცნიერთა აზრით, თხევადი ოკეანეებია, ოღონდ ყინულის სქელი გარსის ქვეშ.

ეს გარსები დიდი პრობლემაა მეცნიერთათვის, რომლებსაც ამაოდ სურთ ამ თხევად ოკეანეებში ჩახედვა. თუმცა, ამაში მათ შეიძლება ერთ-ერთი მთვარე დაეხმაროს. ურანის მთვარის, არიელის ზედაპირი ღრმა უფსკრულებითაა სავსე, რომლებშიც შეიძლება დალექილი იყოს ქვემოდან ამოსული დეპოზიტები.

მათ შორის შეიძლება იყოს ნახშირორჟანგის ყინული და ნახშირბადის შემცველი სხვა დეპოზიტები, რომლებიც იქ ამ ციცქნა მთვარის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად უნდა მოხვედრილიყო. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფსკრულები ამ თანამგზავრის წიაღის შესწავლის გზა უნდა იყოს რაიმე დრამატული კვლევითი ძალისხმევის გარეშე.

„თუ მართლები ვართ, ეს მედიალური ღარები ალბათ საუკეთესო კანდიდატია ნახშირბადის ოქსიდის დეპოზიტების საკვლევად და მთვარის წიაღის შესახებ უფრო მეტი დეტალის დასადგენად. ზედაპირის არცერთ სხვა მახასიათებელს არ აქვს მტკიცებულება წიაღიდან მასალების ამოტანის გაადვილებისა, რაც ამ აღმოჩენას განსაკუთრებით ამაღელვებელს ხდის“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტური გეოლოგი კლოე ბედინგფილდი.

არიელის ზედაპირზე არსებული უფსკრულები შთამბეჭდავია. ზოგიერთ მათგანს ფსკერზე პარალელური ღარები გასდევს, რომლებიც ამ მთვარის ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიური წარმონაქმნებია ხილულთა შორის. უცნობია, როგორ გაჩნდა ისინი, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება არიელის ზედაპირქვეშ.

ურანის თანამგზავრი არიელი

წინა კვლევები მიუთითებდა, რომ ისინი შეიძლება წარმოქმნილიყო ტექტონიკურ და ვულკანურ აქტივობათა ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ რთული იყო კონკრეტული მახასიათებლების გარკვევა. ბედინგფილდმა და მისმა კოლეგებმა კვლევისათვის დაკვირვებითი და ფორმაციული მოდელები გამოიყენეს.

ასე შეძლეს იმის ჩვენება, რომ არიელზე დანახული წარმონაქმნების მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი პროცესი, როგორიც დედამიწაზეც მიმდინარეობს. ამ პროცესს სპრიდინგს უწოდებენ და აქ, დედამიწაზე, ვულკანურ ქედებზე მიმდინარეობს, სადაც ზღვის ფსკერის ნაწილი და მატერია ქვემოდან ამოიმართება და ქერქის ახალ ნაწილს წარმოქმნის.

არიელზე სპრიდინგი შეიძლება ხდებოდეს იქ, სადაც თბილი მატერია ქვემოდან ზემოთ იწევა, მის ყინულოვან ქერქს ხსნის და შემდეგ კვლავ ავსებს მის მიერვე წარმოქმნილ ნაპრალს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ისინი როდესაც მათ არიელის უფსკრულის ორი კიდე შეაერთეს, გვერდები ერთმანეთს ბრწყინვალედ დაემთხვა. ამას გარდა, ზოგიერთი უფსკრულის ფსკერზე შემჩნეული პარალელური ღარები შესაბამისობაშია დროთა განმავლობაში დალექილ მასალასთან.

ეს ყველაფერი რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. წარსულში, ურანის მთვარეები ორბიტულ მწყობრში შევიდნენ, რომელშიც მათ ორბიტულ პერიოდებს გაუჩნდა ზუსტი პროპორციები, რასაც რეზონანსს უწოდებენ. ორბიტული რეზონანსი იწვევს გრავიტაციულ მიზიდვა-განზიდვას, რაც შიდა სითბოს, დნობასა და ხელახლა გაყინვას წარმოქმნის.

სწორედ რეზონანსის ასეთი პერიოდები შეიძლება იწვევდეს ცვლილებებს არიელის ზედაპირზე; მაგრამ ეს პროცესები შეიძლება ასევე წარმოქმნიდეს მალულ ოკეანეებს, რადგან მთვარის წიაღს საკმარისად ათბობენ, რათა იქ შენარჩუნდეს თხევადი, მლაშე წყალი. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ბოლო დროს ჩატარებული დაკვირვებები ძლიერ მიუთითებს, რომ არიელზე ასეთი ოკეანე არსებობს.

თუ ასეა, სწორედ ოკეანე შეიძლება წარმოქმნიდეს მთვარის ზედაპირზე და მის უფსკრულებში შემჩნეულ ნახშირორჟანგის ყინულს, მაგრამ ამის შესახებ ჯერ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს.

„არიელის შესაძლო ოკეანის ზომა და სიღრმე ზედაპირიდან, ჯერჯერობით მხოლოდ შეფასების საგანია, მაგრამ შესაძლოა, ის ზედმეტად იზოლირებულიც იყოს, რათა სპრიდინგის ცენტრებთან ჰქონდეს ურთიერთქმედება. ჯერ ბევრი რამ არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ არიელის ზედაპირზე ნახშირბადის ოქსიდებია წარმოდგენილი, ჯერ კიდევ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ისინი ღარებთან, რადგან ხომალდ ვოიაჯერ 2-ს არ გააჩნდა ინსტრუმენტები, რომლებიც ყინულების გადანაწილებას აღრიცხავდა“, — ამბობს ბედინგფილდი.

ურანისა და ნეპტუნის სისტემებში კვლევითი მისიების გაგზავნა ჯერ კიდევ განხილვის საგანია. არიელის ოკეანის ზუსტი ამბავი კი სწორედ ასეთმა მისიებმა უნდა გაარკვიოს.

კვლევა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია jhuapl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი