უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტში „ნოვატეკის“ ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტში „ნოვატეკის“ ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტში კომპანია „ნოვატეკის“ ტერმინალი იწვის.

როგორც ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო აცხადებს, ხანძრის მიზეზი რეგიონის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებია. მისივე თქმით, ცეცხლი უკიდია კომპანია „ნოვატეკის“ ტერმინალს. ეს კომპანია ბუნებრივი აირის მოპოვებითაა დაკავებული. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, დაშავებულები არ არიან. ხანძარი საწვავის რეზერვუარზე არ გავრცელებულა.

პარალელურად, კურსკის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინული დრონი ასევე ჩამოაგდეს სადგურის სიახლოვეს. მათი ინფორმაციით, შედეგად დაზიანდა ტრანსფორმატორი. უპილოტო აპარატის ჩამოვარდნის ადგილას გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ჩააქრეს.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინული დრონების იერიშის სამიზნე ასევე იყო სამარის ოლქში მდებარე სამრეწველო ობიექტი. რუსული ტელეგრამარხების ცნობით, საუბარია სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

23 აგვისტოს საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გაანადგურეს 57 უკრაინული დრონი. უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში დამატებით ჩამოგდებულია 95 უპილოტო საფრენი აპარატი.

დრონების იერიშების ფონზე რუსეთის ქალაქებში აეროპორტების მუშაობა შეფერხებული იყო. 60-ზე მეტი რეისის შესრულება გადაიდო სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან.