უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დროებით შეჩერდა 
უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დროებით შეჩერდა 

უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე ინდექსების 5 პროცენტიანი ვარდნის შემდეგ დროებით ვაჭრობა შეჩერდა. 2016 წლის შემდეგ, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს.

ვაჭრობა ბირჟაზე დაახლოებით 15 წუთის შემდეგ განახლდა.

ამასთან, მანამდე, ინდექსები საშუალოდ 5 პროცენტით დაეცა გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში. იაპონიაში ვაჭრობა ინდექსების 5,1 პროცენტიანი ვარდნით დასრულდა. ავსტრალიის საფონდო ბირჟებზე ვარდნამ 7,3 პროცენტი შეადგინა, ხოლო შანხაიში 3 პროცენტი.

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ინდექსები მას შემდეგ დაეცა, რაც „ოპეკის“ წევრი სახელმწიფოები ნავთობის მოპოვების მოცულობაზე ვერ შეთანხმდნენ და ე.წ. შავი ოქრო ერთ დღეში რეკორდულად, 30 პროცენტით გაუფასურდა.