„უოლ სთრით ჯოურნალი“ - რუსეთში „ვაგნერის“ ჯგუფის ამბოხის შემდეგ 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს, მათ შორისაა გენერალი სერგეი სუროვიკინიც
„უოლ სთრით ჯოურნალი“ - რუსეთში „ვაგნერის“ ჯგუფის ამბოხის შემდეგ 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს, მათ შორისაა გენერალი სერგეი სუროვიკინიც

რუსეთში „ვაგნერის“ ჯგუფის ამბოხის შემდეგ 13 მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავეს, მათ შორისაა გენერალი სერგეი სუროვიკინიც, – ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, სერგეი სუროვიკინი ახლა მოსკოვში პატიმრობაში იმყოფება. მათივე ცნობით, სუროვიკინმა წინასწარ იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა ამბოხში მონაწილეობა არ მიუღია.

„უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, რომ დაკავებული ოფიცრების ნაწილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობით, პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ კრემლი აქტიურად მუშაობს არალოიალური ოფიცრების გამოსავლენად. ათავისუფლებს სამსახურიდან ოფიცრებს, რომელთა ნდობაც, მათი აზრით, არ შეიძლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც  „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს, გამოცემას საპასუხო კომენტარისთვის არც კრემლი და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ დათანხმდა.