„უოლ სთრით ჯოურნალი“- ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის სასამართლო რეფორმის მთავარ პუნქტზე უარი თქვა
„უოლ სთრით ჯოურნალი“- ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის სასამართლო რეფორმის მთავარ პუნქტზე უარი თქვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი თქვა ისრაელის სასამართლო რეფორმის მთავარ პუნქტზე, – ამის შესახებ ნეთანიუაჰუმ „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან უარი თქვა უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების ჩამორთმევის გეგმის მთავარ ნაწილზე, თუმცა ის კვლავ აგრძელებს ცვლილებების შეტანას მოსამართლეთა არჩევის პროცესზე.

„უოლ სთრით ჯოურნალის“​ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის აღარ ცდილობს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებამოსილების მინიჭებას.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი მთავრობის გეგმის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მმართველ კოალიციას გადამწყვეტ გავლენას მისცემს მოსამართლეების დანიშვნაში, შეიცვლება, მაგრამ არ გაუქმდება.

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუს მთავრობამ ისრაელის სასამართლო რეფორმა იანვარში წარადგინა და განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო სულ უფრო მეტად არღვევს პოლიტიკურ სფეროებს, სადაც მას არ აქვს უფლებამოსილება. სასამართლო რეფორმის წარდგენამ ისრაელში გამოიწვია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს.