„უოლ სთრით ჯორნალი“- ტრამპს გამარჯვების გამოცხადება სურს, მაგრამ ირანმა მკაცრი პირობები წამოაყენა, თუ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ტრამპი, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტას
დონალდ ტრამპს ირანთან ომში გამარჯვების გამოცხადება სურს, მაგრამ ირანმა უფრო მკაცრი პირობები წამოაყენა, – ამის შესახებ სტატიას „უოლ სთრით ჯორნალი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა აშშ-ის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა თავის უახლოეს თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის, ბირთვული შეთანხმების საკითხი დათმოს. მათივე ცნობით, ამ მიზნის მიღწევა უფრო რთული გახდა, როდესაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ყველაზე მკაცრი პირობები მოითხოვა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ირანთან დაკავშირებით თავის ყველა სამხედრო მიზანს მიაღწია და პრეზიდენტი ამჟამად ორიენტირებულია ჰორმუზის სრუტის გახსნაზე.
„ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ თუ აშშ შეძლებს ბირთვული პროგრამის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას და სრუტეში გადაზიდვები განახლდება, ტრამპი, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებს მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტას“, – წერს „უოლ სთრით ჯორნალი“.
ცნობისთვის, თეირანმა ვაშინგტონს ომის დასასრულებლად მოთხოვნების სია წარუდგინა. თეირანის მოთხოვნები ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაღერ ზოლღადრმა გაავრცელა. თეირანის მოთხოვნები ექვს პუნქტს მოიცავს. ესენია: „არასდროს დაემუქროთ ირანს და შეურაცხყოთ ამ ერის სიწმინდეები; სამუდამოდ დაასრულეთ ომი და აგრესია ირანისა და ირანის მოკავშირეების წინააღმდეგ ლიბანში, პალესტინაში, იემენსა და ერაყში; მოხსენით საზღვაო ბლოკადა და გაიყვანეთ სამხედრო ძალები; აუნაზღაურეთ ირანს ორი აგრესიული ომით მიყენებული ზარალი ყოველგვარი დანაკლისის გარეშე; მოხსენით ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკი და უკანონო სანქციები; უპირობოდ გაათავისუფლეთ ირანელი ხალხის გაყინული და მოპარული აქტივები“.