„უოლ სთრით ჯორნალი“ - ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა უკრაინისთვის ძირითადი შეზღუდვა დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ შორ მანძილზე მოქმედი ზოგიერთი რაკეტის გამოყენებაზე
„უოლ სთრით ჯორნალი“ - ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა უკრაინისთვის ძირითადი შეზღუდვა დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ შორ მანძილზე მოქმედი ზოგიერთი რაკეტის გამოყენებაზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა უკრაინისთვის ძირითადი შეზღუდვა შორ მანძილზე მოქმედი ზოგიერთი რაკეტის გამოყენებაზე, რომელიც დასავლელი მოკავშირეების მიერ არის მიწოდებული. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენტაგონმა უკრაინისთვის დასავლური რაკეტების გამოსაყენებლად განსაკუთრებული პროცედურები დაამტკიცა.

საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეეძლო თუ არა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენება რუსეთის დასაბომბად, თავდაცვის მდივანს უნდა მიეღო. ნებართვა კი უკრაინას აქამდე არ მიუღია. ახლა ეს უფლებამოსილება პენტაგონიდან ევროპაში განლაგებულ ნატო-ს გაერთიანებულ ძალებს გადაეცა. ამ ძალებს ამერიკელი გენერალი ხელმძღვანელობს.

გამოცემა წერს, რომ პირველი ნებართვით დარტყმა უკრაინამ 21 სექტემბერს განახორციელა, Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით დაბომბა რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანა.

„უოლ სთრით ჯორნალის“ წყაროების თქმით, შეზღუდვის მოხსნა ომის მიმდინარეობას დიდად არ შეცვლის, პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინას ცოტა Storm Shadow-ის ტიპის რაკეტა აქვს, თუმცა მოსალოდნელია, რომ უკრაინა რუსულ სამიზნეებს უფრო აქტიურად დაბომბავს.

ამასთან, როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ეს გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრამდე იქნა მიღებული.