„უოლ სთრით ჯორნალი“ – რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა, ვითარების შეცვლას ევროპაში კონფლიქტის გაფართოებით შეეცადოს
რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა და ევროპულ დედაქალაქებში იზრდება შიში, რომ პუტინი, შესაძლოა, ვითარების შეცვლას კონფლიქტის გაფართოებით შეეცადოს, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ შიშები ახალი არ არის, ბოლო მოვლენებმა ეს უფრო აქტუალური გახადა“, – აღნიშნავს გამოცემა.
კერძოდ, რამდენიმე ევროპელმა ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სცადოს ნატო-ს ერთიანობის გამოცდა — დარტყმით ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაზე, ბალტიის ზღვაში მდებარე შვედურ ან დანიურ კუნძულებზე, ან ალიანსის არქტიკულ ტერიტორიებზე.
„ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად შესაძლებლობა დაინახოს, რადგან ირანთან ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ევროპაში დამატებით პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევს, გააძლიერებს ულტრამემარჯვენე პარტიებს, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვების აღდგენასა და უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ“, – წერს გამოცემა.
ევროპული სადაზვერვო და სამხედრო უწყებების წარმომადგენლების განცხადებით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი უკვე აგროვებს ჯარებსა და ტექნიკას ბალტიის ქვეყნებზე ან უკრაინის ფარგლებს გარეთ სხვა ტერიტორიებზე თავდასხმისთვის, თუმცა, მათი თქმით, უახლოეს თვეებში პუტინს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს.
დასავლური დაზვერვის შეფასებით, რუსეთი თვეში თითქმის 35 000 ჯარისკაცს კარგავს. ამ ტემპით ომის გაგრძელება მალე შეუძლებელი გახდება იძულებითი მობილიზაციის გარეშე და პუტინს ამის გამართლება დასჭირდება.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ეს ძალიან საშიში მომენტია და არავინ იცის, რას ფიქრობს პუტინი.
„მობილიზაციას მხოლოდ ამ ომისთვის თუ გამოაცხადებ, ნიშნავს, რომ, სინამდვილეში, ამ ომს ვერ იგებ. ამიტომ დგება მომენტი, როდესაც მათ სჭირდებათ ესკალაცია, რათა მობილიზაცია გაამართლონ. ეს ძალიან საშიში მომენტია. რა თქმა უნდა, არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გათვლა — ვითარების ესკალაციით ამ ომის მიმდინარეობის შეცვლა“, – განაცხადა კალასმა.
როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ იუწყება, ერთ-ერთმა გერმანელმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ნატო-ს ქვეყნებზე ომის გაფართოებით უკრაინაში არსებული ჩიხიდან გამოსვლის იდეა, შესაძლოა, პუტინისთვის მაცდური იყოს, თუმცა ძალიან სახიფათოც. მისივე თქმით, პუტინს შეუძლია, კონფლიქტის ესკალაციაზე წავიდეს.