„უოლ სთრით ჯორნალი“ - პენტაგონი, უკვე მრავალი თვეა, ფარულად ბლოკავს დასავლური შორი რადიუსის შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას
გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, პენტაგონი, უკვე მრავალი თვეა, ფარულად ბლოკავს დასავლური შორი რადიუსის შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას. ანონიმური წყაროს ცნობით, რუსეთის სიღრმეში ასეთი დარტყმების განხორციელების ნებართვას პირადად თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი გასცემს. ეს ეხება როგორც „ატაკამსებს“, ასევე ფრანგულ-ბრიტანულ ფრთოსან რაკეტებს, „შტორმ შედოუს“.
ჰეგსეტის უწყებაში მოქმედებს მისი მოადგილის, ელბრიჯ კოლბის მიერ შემოღებული პროცედურა, რომელიც ასეთი მაღალი დონის შეიარაღების გამოყენებაზე ნებართვის გაცემას მოითხოვს. თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა. შედეგად, გაზაფხულის მიწურულიდან მოყოლებული, უკრაინას მათი დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვს და, როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, უკრაინამ, სულ მცირე, ერთხელ მაინც მოითხოვა ნებართვა „ატაკამსის“ გამოყენებაზე, მაგრამ პენტაგონისგან უარი მიიღო.
„ამ პოლიტიკამ ფაქტობრივად გადახაზა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ნება დაერთო უკრაინისთვის, მიეტანა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის მოქმედების ამერიკული რაკეტებით დარტყმების განხორციელების ნებართვა აშშ-ისგან 2024 წლის ნოემბერში ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიიღო.