„უოლ სთრით ჯორნალი“ – ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობის შემდეგ კრემლმა გერმანია გააფრთხილა, რომ ეს ბოლო თავდასხმა არ იქნება

17:50, 21.10.2026

ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობის გამოვლენის შემდეგ კრემლის წარმომადგენელი გერმანიის მთავრობას დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ ლაიფციგი მოსკოვის ბოლო სამიზნე არ იქნება. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რუსი მაღალჩინოსნის ვინაობა არ სახელდება.

მედიის ინფორმაციით, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა, ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ზაფხულში მოსკოვში უკმაყოფილება გაიზარდა, რადგან უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა და ვაშინგტონთან მოლაპარაკებებმა კიევი ვერ აიძულა, დათანხმდეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს.

გამოცემის წყაროების მტკიცებით, რომლებიც ამერიკული დაზვერვის შეფასებებს იცნობენ, ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიული და ფარული ოპერაციების გააქტიურების ბრძანება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა გასცა.

ამავე ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ევროპული სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და რამდენიმე პოლიტიკოსს პირადად აცნობა, რომ რუსეთი მათი ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიული ოპერაციების გააქტიურებას გეგმავდა.

„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობის შემდეგ ევროპის ქვეყნებში მსგავსი ინციდენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

კერძოდ, აგვისტოში ესტონეთსა და პოლონეთში დრონების მწარმოებელ საწარმოებში ხანძრები განზრახ გააჩინეს. იმავე თვეში სლოვაკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების მწარმოებელი ქარხნის დაწვის გეგმა აღკვეთა.

გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთმა, ლიეტუვამ და ბულგარეთმა „სტარლინკის“ სახმელეთო სადგურების წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიების შესახებ განაცხადეს.

ცნობისთვის, 2026 წლის აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, „ან-124“-ის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ადგილზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს. პირველ სექტემბერს გერმანიამ დივერსიის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი