„უოლ სთრით ჯორნალი“ – ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანი დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალ გეგმას ამზადებს

09:41, 10.07.2026

ისრაელმა აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომლის მიხედვითაც, ირანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალ გეგმას ამზადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთების თხოვნაზე თეთრმა სახლმა ტრამპის მიერ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მუქარები რეალურია.

„მათ აშშ-ის ლიდერის, ანუ ჩემი მოკვლა სურთ. მათ სიაში ვარ. დღეს დილით ვნახე, რომ მათ ყველა სიაში ვარ. აქამდე ალბათ უბრალოდ გამიმართლა, თუმცა ეს, შეიძლება, დიდხანს აღარ გაგრძელდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ირანი წლების განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, რომ ტრამპზე შურისძიებას აპირებდა 2020 წელს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო. გენერალი სოლეიმანი ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ტრამპის წინააღმდეგ სხვადასხვა ლოზუნგს სკანდირებდა. მათ შორის, გამოიფინა ბანერიც წარწერით: „ტრამპს მოვკლავთ“.

მსგავსი