„უოლ სთრით ჯორნალი“ – დონალდ ტრამპს სურს, კიმ ჩენ ინს შემოდგომაზე შეხვდეს, თუმცა შესაძლო შეხვედრის ოფიციალური მზადება ჯერ დაწყებული არ არის
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შემოდგომაზე შეხვდეს, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა პირადად განიხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აზიაში მისი შემდეგი მოგზაურობის დროს, რომელიც შესაძლოა, ნოემბერში ჩატარდეს.
თუმცა, როგორც წყაროებმა აღნიშნეს, შესაძლო შეხვედრის ოფიციალური მზადება ჯერ დაწყებული არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი პირისპირ შეხვედრას ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის განახლების შანსად მიიჩნევს, ანალიტიკოსები, ასევე აშშ-ში ზოგიერთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ისინი მნიშვნელოვან პროგრესს არ ელოდებიან, რადგან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის წინა სამი სამიტის შემდეგ მხოლოდ გაძლიერდა“, – წერს გამოცემა.
ცნობითვის, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან სამი შეხვედრა გამართა – სინგაპურში, ჰანოასა და ორ კორეას შორის საზღვარზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა. „უოლ სთრით ჯორნალის“ შეფასებით, მათმა დიპლომატიამ კონკრეტული შედეგები არ გამოიღო, თუმცა ტრამპმა მოლაპარაკებებზე დადებითად ისაუბრა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული საფრთხე აღარ არსებობს.