„უოლ სთრით ჯორნალი“ – აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის ომის გამო ერ-რიადთან დიდი დაძაბულობის ფონზე, საუდის არაბეთიდან ჯარების გაყვანას განიხილავს
აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის ომის გამო ერ-რიადთან დიდი დაძაბულობის ფონზე საუდის არაბეთიდან ჯარების გაყვანას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
ამერიკული გამოცემის თანახმად, აშშ-ისა და საუდის არაბეთის ურთიერთობები ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ირანის ომის დროს განვითარებული მოვლენების გამო, რამაც რეგიონის დანარჩენ ნაწილზე უდიდესი უარყოფითი გავლენა მოახდინა.
გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთმა დაბლოკა სტრატეგიული საზღვაო გზის გასახსნელად ტრამპის პირველი დიდი მცდელობა, რამაც დიპლომატიური უთანხმოება გამოიწვია.
ამერიკული გამოცემის თანახმად, გასულ გაზაფხულზე, ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობის ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან და სამხედრო ხომალდებიდან 100-ზე მეტი აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავი აფრინდა, როდესაც ისინი პრობლემას წააწყდნენ: საუდის არაბეთმა, რომლის ბაზები და საჰაერო სივრცე მისიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, უარი თქვა. საკითხთან დაკავშირებული აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამ წინააღმდეგობამ აშშ აიძულა, შეეწყვიტა „თავისუფლების პროექტი“.
საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა თეთრმა სახლმა დაიმუქრა, რომ შეაჩერებდა იმ რაკეტების მიწოდებას, რომლებსაც ერ-რიადი იყენებდა ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებლად. შემდგომში ერ-რიადმა დათმო და „თავისუფლების პროექტი“ ფარულად განახლდა, თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ზიანის გამოსწორება ადვილი არ იქნება.
აშშ ამჟამად საუდის არაბეთში სამხედრო ყოფნის შემცირებას განიხილავს. გამოცემის თანახმად, ერთი კვირით ადრე, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა უარი თქვა საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მონაწილეობის მიღებაზე, რომელსაც ტრამპიც ესწრებოდა.